გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, იულიხის კვლევით ცენტრს (Forschungszentrum Jülich) ეწვია, სადაც ცენტრის ხელმძღვანელებს, მკვლევრებს, ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს შეხვდა.
იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ მარქქვარდტთან, შეხვედრისას მინისტრმა ქართველი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის იმ დიდ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც მათთვის ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს და კონკრეტულად იულიხის კვლევით ცენტრს მოაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს ორი Smart ლაბორატორია, რომელთაგან ერთ-ერთი რეგიონში ატმოსფეროს კვლევის უნიკალურ ცენტრს წარმოადგენს.
შეხვედრაზე იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ჰანს შტროერმა, აღნიშნა, რომ იულიხის კვლევითი ცენტრი ამაყობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის მრავალწლიანი მიღწევებით და გამოხატა მზაობა, აქტიურად დაიწყოს მუშაობა მედიცინის მიმართულებით ერთობლივი ლაბორატორიის დაფუძნებაზე.
შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების მხარდაჭერისთვის და ვრცლად ისაუბრა იმ ხელშეკრულების პოზიტიურ შედეგებზე, რომელსაც მისი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი. ორმხრივი ხელშეკრულება ქართველ მოსწავლეებს იულიხის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში (JuLab) ჩასვლისა და სხვადასხვა სახალისო სამეცნიერო ცდებსა და პროექტებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.