საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმნიშვნელოვანეს როლს, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში 43 სკოლის შენობა რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკიც. შეთანხმების თანახმად, ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3 საჯარო სკოლის პროექტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.