საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გაერთიანებულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა მეცნიერებისა და ახალგაზრდული მიმართულების განვითარებაზე და ამ კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, მეცნიერებაზე ზრუნვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას განახორციელებს. მათ შორის, ფონდის მიერ ყოველწლიურად გამოცხადდება საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში.
მიხეილ ჩხენკელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უცხოეთის ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და ორგანიზაციებთან მუშაობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, საქართველო უკვე გაწევრიანებულია „ჰორიზონტ 2020“-ის პროგრამაში, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია მეცნიერების დაფინანსებისთვის. თანამშრომლობის შემდგომი ფაზა კი საქართველოს „ჰორიზონტ ევროპაში“ აქტიური მონაწილეობა იქნება.
ევროპელ კოლეგებთან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ასევე, „Cost“-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველო ასოციაციის წევრი ხდება. გარდა ამისა, სულ მალე თბილისში გაიხსნება „აკადემია ევროპეას“ - ევროპული სამეცნიერო-კვლევითი აკადემიის ჰაბი, რომელიც დიდ ასპარეზს შექმნის ქართველი მკვლევრებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
მიხეილ ჩხენკელმა გამოსვლის ბოლოს უცხოურ დონორებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს განათლების სისტემაში გაწეული დახმარებისთვის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.