ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 43 განაცხადი შემოვიდა. განაცხადები შემოიტანეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან. დამოუკიდებელმა შეფასების კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ათი პროექტი, რომლის ჯამური ბიუჯეტი 190,295 აშშ დოლარია, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.
დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება ახალი პროფესიული პროგრამები მწვანე სექტორის მიმართულებით, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების კუთხით, ხელი შეეწყობა გოგოების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებში და გაიზრდება პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია.
2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი. განხორციელებული პროექტების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.iswd.ge.