მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“.
კონფერენციის მიზანი იყო სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ ინფორმაციის გაზიარება მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებს, სფეროს ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც EntreComp-ის სახელითაც არის ცნობილი, 2016 წელს შეიქმნა ევროპის განათლების ფონდის (ETF) აქტიური მონაწილეობით.
ევროპის განათლების ფონდმა (ETF) სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს შექმნის შემდეგ განათლების სისტემის მოდერნიზაციისა და განათლებისა და შრომის სფეროების დაკავშირების მიზნით მისი პილოტირება ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში განახორციელა. ჩარჩო-დოკუმენტი მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში, სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციასა თუ ახალი სოციალური და კომერციული საქმიანობის დაწყებაში ეხმარება.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენელთან, ოლენა ბეკთან, და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ავთანდილ კასრაძესთან, ერთად გახსნა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სამეწარმეო სწავლების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი საგანმანათლებლო ორგანიზაციები.