საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ და ამ პროგრამის კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე განათლებისა და კულტურის საკითხებში, მარი როისი, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს მრავალხმრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, რომ ეს გახლავთ შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროგრამა. ფულბრაიტის სტიპენდიის მეშვეობით მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო უმაღლესი დონის განათლება ამერიკაში. 2019-2020 წლებში, საქართველოდან კიდევ არაერთი ახალგაზრდა დაეუფლება მრავალ დისციპლინას ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სამაგისტრო კურსებზე, უმაღლესი საერთაშორისო რანგის პროფესორების ხელმძღვანელობით.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი აწარმოებს.
პროგრამის მთავარი დამფინანსებელი ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა, თანადამფინანსებლები კი საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით ხორციელდება.
2017 წლიდან Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას საქართველოს მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების მიღება წელს მეორედ გამოცხადდა (2019-2020 Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.