საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც მესამე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემაზე "SDG’s, Youth and Georgian Reality".
კონკურსის შედეგად შერჩეული წარმომადგენელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავს, შემდეგ გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 25 წლამდე.
ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივაა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ.
საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.