საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები განიხილა.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო უმაღლესი განათლების მიმართულებით განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომებზე აქტიურად მუშაობს და ამ პროცესში მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში აქტიური თანამშრომლობა და მოსაზრებების გაზიარება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც რექტორებმა იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა გადაჭრაც სამინისტროს მხარდაჭერას მოითხოვს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა განათლების ინტერნაციონალიზაცია, უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხები, ერთიანი საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმის შექმნა და სხვ.