სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბრიტანეთის საბჭომ ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამის” პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივა ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს გაიზიარონ ბრიტანული გამოცდილება, სტუდენტებს კი წაახალისებს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისაკენ.
„თუ მსოფლიო მაჩვენებლებს გადავხედავთ შემოქმედებითი ინდუსტრიების წილი უსწრებს ისეთი სექტორის მიერ შექმნილ ფინანსურ სიკეთეებს, როგორიცაა ავტოინდუსტრია, მძიმე მრეწველობა და ჯამში 29 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და მიხარია, რომ ბრიტანეთის საბჭო ახალგაზრდებს ამ პოტენციალის გააზრებაში დაეხმარება“-აღნიშნა მინისტრმა.
5 წლიანი პროექტის მიზანი უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერაა. დაგეგმილია ღია კონკურსების გამოცხადება, რომელშიც მონაწილეობას იურიდიული სტატუსის მქონე სხვადასხვა შემოქმედებით ინსტიტუციები შეძლებენ.
ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს კულტურისა და განათლების სფეროს მხარდასაჭერ პროექტებს.