„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. სამუშაო შეხვედრებს ოთხმა ქალაქმა - ოზურგეთმა, ბათუმმა, ზუგდიდმა და ქუთაისმა უმასპინძლა. კანონპროექტის შესახებ საჯარო განხილვები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება. კანონის პროექტის განხილვის პარალელურად შეხვედრებზე განიხილება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგია“.
საჯარო განხილვებში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ განხილვა რეგიონებში მაისში დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ერთ-ერთი დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გაიმართება.
საჯარო კონსულტაციები ეწყობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით. „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვისა და საჯარო კონსულტაციების თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: cultureandsports.gov.ge