განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონთან შეხვედრისას განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო ბანკის წვლილი ქვეყნის განვითარების პროცესში და განათლების სისტემის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში, განათლების სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე.
მერსი ტემბონმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკის პრიორიტეტი იქნება საქართველოს მთავრობის დახმარება განათლების სექტორის რეფორმირებაში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი განათლების რეფორმითა და სტრატეგიით გათვალისწინებული რამდენიმე წლიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს სამუშაო ჯგუფების ერთობლივ და აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები - პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში ოზან სევიმლი, საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ინგა პაიჭაძე და განათლების სექტორის წარმომადგენელი ნინო ქუთათელაძე.