2018 წლის 9 ოქტომბერს იხსნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse), რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში მოეწყობა პავილიონი და არაერთი სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის სტენდი, სადაც გაიმართება 70-ზე მეტი ქართველი მწერლის ლიტერატურული ღონისძიება და გამოიფინება ქართული ლიტერატურის 200-მდე გერმანულენოვანი თარგმანი-გამოცემა. წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 100-ზე მეტი კულტურული და 500-მდე ლიტერატურული აქტივობა. ლიტერატურული, საგამოფენო, მუსიკალური, კინოსა და თეატრალური ღონისძიებებით დატვირთულია ბაზრობის საშემოდგომო პროგრამაც. საქართველო საინტერესოდ და მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი გერმანიაში გამართულ მნიშვნელოვან მუსიკალურ თუ ლიტერატურულ ფესტივალებზეც.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში. ყოველწლიურად ბაზრობა მასპინძლობს 300 000-მდე ვიზიტორს და გამოფენს 400 000-მდე წიგნს. მას 500 წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღე მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორი დღის განმავლობაში ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველი ჟურნალისტებისთვის ბაზრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოცხადებულია აკრედიტაცია. აკრედიტაციის მისაღებად უნდა შეივსოს აკრედიტაციის სპეციალური ფორმა:
https://www.buchmesse.de/en/press/accreditation
საკონტაქტო პირები:
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ლევან ჟორჟოლიანი - 579 710 111
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი: დოდო გუგავა - 577 950399