სამწუხაროა, რომ სტუდენტების აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. შესაბამისად, დისკუსიის საგანი არა მათთვის შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, არამედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება გახდა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეების კითხვები და მოთხოვნები მეტწილად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისათვის ფინანსური დავალიანების მოხსნას ეხებოდა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო თავად სამინისტროს გადაწყვეტილებების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისთვის ყველაზე ღირებული - ახალგაზრდების ინტერესების დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ამდენად, აბიტურიენტებს უმტკივნეულოდ მიეცემათ მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არც უნივერსიტეტის მოქმედ სტუდენტებზე იქონიებს გავლენას, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება უნივერისტეტში არსებული ფინანსური პრობლემების გამო მიიღო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.