განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.
პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში სხვადასხვა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგების მქონე 700-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების აქტივობები ორ ნაწილად იყოფა: დღის პირველ ნახევარში ისინი ძირითადად აკადემიური ნაწილით არიან დატვირთულნი, მეორე ნახევარში კი აქვთ განტვირთვის საშუალება მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს სამეცნიერო სფეროდან, უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები მოწვეულ ლექტორებთან, დარგის სპეციალისტებთან.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში კი, აკადემიური ნაწილი მოიცავს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების შესწავლას. ზოგადი ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემებს, ისეთი როგორიცაა მოგზაურობა, მუსიკა, სარეკლამო სფერო, კინოინდუსტრია და სხვა. საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია ბევრი სახალისო აქტივობით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.
სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან შეირჩევა საუკეთესო მოსწავლეები, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში (ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში) გაემგზავრება, ნაწილი კი - პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან.