საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ხელშეკრულება სამწლიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პარმის (იტალია) ოპერის თეატრთან გაფორმდა, რომელიც ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.
ამ თემასთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ასევე, ვერდის ფესტივალის პრეზიდენტი და პარმის ოპერის თეატრის დირექტორი ანნა მარია მეო.
ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უფლება ეძლევა ოფიციალურად ჩაატაროს ვერდის ფესტივალი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლებს პარმაში ვერდის ფესტივალზე.
უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს, პარმა ევროპის კულტურული ცენტრი ხდება, პროექტი ევროკავშირის პროგრამის - “შემოქმედებითი ევროპის” (Creative Europe)ფარგლებში ხორციელდება; მომავალ წელს, პარმასა და ბუსეტოში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დაგეგმილი გასტროლიც, სწორედ, ამ პროექტის ნაწილია.