I-VI კლასების განახლებული სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში დაესწრო.
2018-2019 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და I-VI კლასების ახალი პროგრამები ამოქმედდება. შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან, სასწავლო პროცესში დაინერგება შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად გაუმჯობესებული, განახლებული, და რაც არსებითად მნიშვნელოვანია - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების დაცვით დაბეჭდილი წიგნები და რვეულები, რომელთა წონაც, ფაქტობრივად, განახევრებულია.
გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი, საბეჭდი ქაღალდი გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით.
ახალი წიგნები გამოირჩევა აქტივობების მრავალფეროვნებით, შედგენილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით, შეესატყვისება მოსწავლეთა ასაკს და ითვალისწინებს მოსწავლეთა უნარების განვითარებას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.
რაც შეეხება სხვა საფეხურებს - საბაზო საფეხურის ახალ პროგრამებზე მუშაობა დასრულებულია და მომავალი წლიდან VII-IX კლასებშიც ახალი სახელმძღვანელოები გვექნება. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საშუალო საფეხურის პროგრამებზე.