43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მოახლოებულ ოლიმპიადას კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა: 4 სექტემბერს, კახეთში, ილიას ტბაზე მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილე ნონა გაფრინდაშვილთან მატჩით აღინიშნა!
სიმბოლური პაექრობა, რომელსაც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, კახეთის მხარის მაღალჩინოსნები და გულშემატკივრები დაესწრნენ, ფრედ 1,5:1,5 დასრულდა. პირველი ბლიც-პარტია მაია ჩიბურდანიძემ მოიგო, მეორე ყაიმით დასრულდა, მესამეში კი ნონა გაფრინდაშვილმა გაიმარჯვა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 1978 წელს სწორედ ნონა გაფრინდაშვილთან გამარჯვებით მოიპოვა. საჩემპიონო მატჩს ბიჭვინთამ უმასპინძლა. თავის მხრივ, ქალბატონი ნონაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახლავთ, ორივენი კი საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან.
„არც მჯერა, რომ უკვე 40 წელი გავიდა... ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვლენა ასე ლამაზად აღინიშნა! 40 წლის წინ ბიჭვინთაში მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ახლა კი კახეთში ვეთამაშე ნონას... ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი დღე გამოვიდა, მადლობა ყველას, ჭადრაკის ფედერაციას, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს, გულშემატკივრებს... ყველას, ვინც დღევანდელი დღე ასე ლამაზად აღნიშნა. ვისურვებდი, რომ იმ გამარჯვების 50 წლის იუბილეც აღგვენიშნოს“, - განაცხადა მაია ჩიბურდანიძემ.
„მადლობა ჩვენს ლეგენდარულ, მართლა საამაყო მოჭადრაკეებს რომ ასეთ ლამაზ ღონისძიებაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. ქალბატონი ნონაც და ქალბატონი მაიაც ქართული სპორტის მშვენებები არიან, მათ საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი არა მარტო ჩვენს ჭადრაკს, ზოგადად, საქართველოს. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღით ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ.
მაია ჩიბურდანიძის და ნონა გაფრინდაშვილის პაექრობას ოლიმპიადის სპონსორის „მეღვინეობა ხარებას“ ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. კომპანიის მესვეურთა გადაწყვეტილებით, მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილეს „მეღვინეობა ხარება“ სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსხმულ ღვინის სერიას მიუძღვნის.
„მოხარული ვარ ასეთ ლამაზ დღეს რომ ვესწრები. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია ქართული ჭადრაკის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ მის წინსვლაში. რაც შეეხება დღევანდელ იუბილეს, გადავწყვიტეთ ჩვენი საამაყო მსოფლიოს ჩემპიონების საპატივცემულოდ სპეციალური სერია ჩამოვასხათ, რომელიც ორ ბოთლში გაერთიანდება და 40 წლის წინანდელ მატჩს მიეძღვნება“, - განაცხადა „მეღვინეობა ხარებას“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ.
დღის დასასრულს „მეღვინეობა ხარებამ“ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეებს ყვარელში, ღვინის გვირაბში უმასპინძლა, სადაც მაია ჩიბურდანიძესთან და ნონა გაფრინდაშვილთან სიმბოლური შეთანხმება გაფორმდა.