12 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს ქ. #4) ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გურამ მელიქიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ირინე კოშორიძე, ფესტივალის კოორდინატორი, საქართველოს ტრადიციული რეწვის წარმომადგენელი ირინა მანია და USAID Zrda Activity in Georgia-ს
პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში - ქეთი ჭუმბურიძე უძღვებოდნენ.
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე, 14-16 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები - კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები; ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი. ოსტატების სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას - „XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ასევე გამოფენილი იქნება ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.
ფესტივალის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, USAID Zrda Activity in Georgia, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი;
ორგანიზატორი: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.
საკონტაქტო პირი - სესილი სოორდია
მობ: 558 24 98 22.
ელ.ფოსტა: infogcrafts@gmail.com ; sesilisordia@yahoo.com