საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ბოლო საზაფხულო ბანაკი ანაკლიაში, საზეიმოდ დაიხურა. „მომავლის ბანაკში“ წელს 3 000-მა მოსწავლემ დაისვენა. სულ ზაფხულის განმავლობაში, ექვსმა ახალგაზრდულმა ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 000-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.
პროექტი, მეექვსე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ახალგაზრდულ ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ მოსწავლეებს მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და წარჩინებულ მოსწავლეებს.
პროექტი, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ჩართული იყო სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა, მომავალშიც გაგრძელდება.