განათლების ციფრულ ტრანსფორმაციასა და საგანმანათლებლო სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის საკითხებს ეძღვნება ორდღიანი სემინარი, რომელიც კომპანია „მაიქროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით მიმდინარეობს. ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
სემინარს კომპანია “Microsoft”-ის გლობალური ციფრული განათლების სტრატეგიული გუნდის ხელმძღვანელი, კატი ტიაინენი უძღვება, რომელსაც ფინეთის განათლების სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
კატი ტიაინენის თქმით, განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციას ჩვენს დროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან მსოფლიო სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარება, რაც მათ წარმატებული მომავალის შენებაში დაეხმარება. მისივე განცხადებით, ბევრი ქვეყანა მუშაობს ამ მიმართულებით და მისასალმებელია, რომ მათ შორისაა საქართველო.
სემინარის მუშაობაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, სამინისტროს და მასში შემავალი ქვედანაყოფების წარმომადგენლები მონაწილეობენ.