უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება და უკვე აკრედიტებული ან აკრედიტაციის პროცესში მყოფი უნივერსიტეტები შედეგს დადგენილ ვადებში მიიღებენ. ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია განვლილი პროცესისა და მიმდინარე ავტორიზაციის პირობებში გამოვლენილი ხარვეზებით. რეფორმირების პროცესში, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესი.
უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ვადის მიცემის საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ექსპერტების, რექტორთა საბჭოს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განიხილავს. მინისტრი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად არსებული პროცედურები მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს არ უნდა ატარებდეს. პირიქით, სამინისტროს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერა იმისთვის, რომ ხარისხის ასამაღლებლად უნივერსიტეტებმა ხარვეზები გამოასწორონ. შესაბამისად, სამინისტრო მათ პროცესების შეფასებასა და სამომავლოდ, სწორად ჩამოყალიბებში დაეხმარება.