აჭარის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს რეფორმის ფარგლებში ამ ტიპის სკოლების კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს საშუალო საფეხურის (X, XI, XII კლასები) პროგრამების გადახედვა. კერძოდ, დაგეგმილია პროფილურ სწავლებაზე გადასვლა, რომელიც რამდენიმე, მათ შორის, სახელობო მიმართულებას მოიცავს. შედეგად, მოსწავლეები სკოლის ატესტატთან ერთად მათთვის საინტერესო პროფესიულ უნარებსაც დაეუფლებიან.
ჩიქუნეთის სკოლა ზღვის დონიდან 498 მეტრ სიმაღლეზე აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მდებარეობს და სრულად რეაბილიტირებულია. აქვს ღია სპორტული მოედანი და სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ცენტალური გათბობის სისტემა და აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.
ჩუქუნეთის სკოლას 53 მოსწავლე ჰყავს, მათ შორის 3 პირველკასელი და 3 მეთორმეტე კლასელი. მცირეკონტიგენტიან სკოლაში 20 პედაგოგია დასაქმებული, რომელთაგან 6 სერტიფიცირებულია.