28 სექტემბერს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის რიგით მეორე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2018“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელი თათია ბიძინაშვილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დოუმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ჯეფ რენო ესწრებოდნენ.
„ეთნოფესტის“ მიზანია, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სექტორის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს ხელშეწყობა და განვითარება, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.
სამიტის ფარგლებში განხორციელდება: რეგიონში, ხელნაკეთი ნივთების ყველაზე მასშტაბური და თანამედროვე სტანდარტებით ექსპონირებული გამოფენა-ექსპო; საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაიმართება საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების, პროდუქციის განვითარების, პერსპექტივებისა და ტენდენციების შესახებ ტრენინგები და კონსულტაციები; ჩატარდება კონკურსი „საუკეთესო სტენდი“.
სამიტის პროგრამის პარალელურად, საქართველოს დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და ხელოვნების სასახლის პროექტის „ქსოვილები საქართველოდან“ მონაწილეობით, ექსპო-ჯორჯიას პავილიონში სამი სხვადასხვა საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნება.
სამიტი ხელს შეუწყობს ტრადიციული რეწვისა და დიზაინის ადგილობრივი პროდუქციის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას და მის გასვლას საერთაშორისო ბაზარზე, განავითარებს თანამშრომლობის ახალ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს წარადგენს საერთაშორისო ექსპერტების, მყიდველებისა და ფართო საზოგადოების წინაშე.
„ეთნოფესტის“ ამოცანაა:
• თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პლატფორმის განვითარება, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს წარდგნენ საერთაშორისო ექსპერტების, მყიდველების და ფართო საზოგადოების წინაშე;
• დამატებითი ატრაქციის შექმნა თბილისის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის;
• ამიერკავკასიაში ტრდიციული რეწვის და დიზაინის ბიზნეს ფორუმის ჩამოყალიბება, რომელიც ჩაეწერებოდა მსგავსი ტიპის სასაჩუქრე-სასუვენირო საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობების სიაში.
პროექტის მიზნობრივ აუდიტორიას შეადგენენ ტრადიციული რეწვის ოსტატები და ორგანიზაციები, დიზაინერები, ტურისტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ტრადიციული რეწვისა და დიზაინის სფეროსთან დაკავშირებული ბიზნესები, მომიჯნავე ინდუსტრიების წარმომადგენლები, პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, ფართო საზოგადოება.
„ეთნოფესტ-2018“-ზე ერთ სივრცეში მოიყრის თავს 100-ზე მეტი ქართველი ოსტატი და წარმოადგენს ხალხური და ტრადიციული რეწვის ხელნაკეთ ნამუშევრებს და მათ თანამედროვე დიზაინერულ გადამუშავებას შემდეგი სფეროებიდან:
- ტექსტილის პროდუქცია (აბრეშუმი, თექა და სხვა);
- სამკაული (ვერცხლის, ოქროს, მინანქრისა და სხვა მასალის ნაკეთობები);
- ტყავის პროდუქცია და აქსესუარები;
- ხისა და ლითონის ნაკეთობები;
- კერამიკის, თიხის ნაკეთობები
- შერეული ტექნიკა და პროდუქცია
„ეთნოფესტი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აწარმოე საქართველოში, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრი, რუსთავის მუნივიპალიტეტი, ქ. გორის მუნიიციპალიტეტი, აშშ საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების აშშ საელჩო და სხვა.