საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გორის რაიონის ხელთუბნის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.
სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში მოხდა და იგი ორგანიზაცია ”CHF საერთაშორისო საქართველო”–მ განახორციელა. პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.
ხელთუბნის სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 380,000 ლარზე მეტი დაიხარჯა: გამოიცვალა ფანჯრები, სახურავი, ელ. გაყვანილობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, მოხდა შენობის ადაპტაცია უნარშეზღუდული პირებისათვის. რეაბილიტაციის შედეგად სოფელ ხელთუბნის სკოლის მოსწავლეები გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოში განაგრძობენ სწავლას.
ხელთუბნის სკოლის მსგავსად, გორისა და ქარელის რეგიონებში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული 16 სკოლა გარემონტდა. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 2,9 მილიონ დოლარს შეადგენს.