განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 16 ოქტომბერს თბილისში გასამართი ევროპის სპორტის მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე. საუბარი შეეხო სპორტში ადამიანის უფლებების დაცვასა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს „თბილისის დეკლარაცია“, რომელსაც დელეგატები მინისტერიალის ფარგლებში მიიღებენ. ეს არის საერთაშორისო დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და სპორტის შესახებ, რომელიც საქართველოს ინიციატივით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. დოკუმენტი მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა სპორტის სფეროში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მიზნით.
მიხეილ ბატიაშვილმა მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირებთან.