ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ მოაწერა, უნგრულ მხარეს კი სახელმწიფო მინისტრი სპორტის საკითხებში ტუნდე საბო წარმოადგენდა. მემორანდუმის გაფორმებას წინუძღოდა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე: სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთობლივი მოსამზადებელი შეკრებების ჩატარება, ორივე ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავება, სპორტის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობა და მსგავსი ორგანიზაციების არარსებობის შემთხვევაში მათი ჩამოყალიბება და განვითარება, გამოცდილების გაზიარება ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტის სახეობებში.
ქართულ და უნგრულ მხარეს შორის გაფორმებულ მემორანდუმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლობას ახალგაზრდობის მიმართულებით და ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას უახლოესი ტექნოლოგიების შესახებ.