ბუენოს აირესში გამართული მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან, რომელშიც მსოფლიოს 206 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ათლეტი გამოვიდა საქართველოს დელეგაცია 6 მედლით დაბრუნდა (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 44-ე ადგილი დაიკავა. დღეს, ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ ოლიმპირი კომიტეტის ხელმძღვანელები და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე.
აღსანიშნავია, რომ თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში ჩატარდა. მონაწილე ქვეყნების მედროშეთა ტრადიციულ აღლუმს წინ უძღოდა ცერემონიის ოფიციალური ნაწილი: სპორტსმენებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ეროვნული ოლიმპიური დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, არგენტინის პრეზიდენტმა მაურიციო მაკრიმ, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ხერარდო ვერთეინმა.
თომას ბახმა მაღალი შეფასება მისცა ოლიმპიადის ორგანიზატორების შრომას და აღნიშნა, რომ ეს იყო ინოვაციური თამაშები, რომელმაც გააერთიანა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა სპორტსმენები და მათ ემოციებით აღასვსე დაუვიწყარი დღეები აჩუქა.
მედროშეთა აღლუმი, ტრადიციულად, ბერძნებმა გახსნეს, ბოლოს კი გამოჩნდა მასპინძელი ქვეყნის - არგენტინის დროშა. საქართველოს დროშის გამოტანის პატივი ერგო ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების პირველ ქართველ ჩემპიონს, სენაკელ მოჭიდავეს - გიორგი ჩხიკვაძეს.
მომავალი, 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართება. თომას ბახმა სწორედ სენეგალის მერს სოჰამ ელ ვარდამის გადასცა ოლიმპიური დროშა.
ბუენოს აირესი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ახალგაზრდულ მულტისპორტულ ღონისძიებას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
ორგანიზატორთა განმარტებით, ამ მონაცემში გათვალისწინებულია მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც სტუმრობდნენ სპორტულ ობიექტებს და გახსნის ცერემონიას.
თამაშების გახსნას, რომელიც ისტორიაში პირველად შედგა არა სტადიონზე, არამედ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.