საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება, მასში მონაწილეობის მიღების საშუალება აქვს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებს.
2017-2018 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა:
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ოლმპიადაში მათ მშობლიურ ენაზე: სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა ასევე შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი). ოლიმპიადა მოიცავდა 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს. ოლიმპიადის ჩატარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო.
ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა 121 გამარჯვებული მოსწავლე:
I ადგილი - 14 მოსწავლე,
II ადგილი - 14 მოსწავლე,
III ადგილი - 16 მოსწავლე
IV-X ადგილები - 77 მოსწავლე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისად - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.
2018 წელს, ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა 2 ეტაპად, სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ოლიმპიადა საკუთარი სახსრებით ჩაატარა „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციამ“. ინფორმატიკა, როგორც საგანი სკოლებში არ ისწავლება, თუმცა ოლიმპიადაში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის 500-დე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 9 გამარჯვებული:
I ადგილი - 3 მოსწავლე,
II ადგილი - 3 მოსწავლე,
III ადგილი - 3 მოსწავლე,
IV-X ადგილები - 18 მოსწავლე.
I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან შესაბამისად - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით.
ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილე სკოლებიდან 36 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა 29 სკოლა.
ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებში ეროვნული ოლიმპიადების წარმატებული მოსწავლეებისგან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილოების მისაღებად შეირჩა ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატები. მათი შემდგომი დამატებითი მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა სამინისტრომ სრულად უზრუნველყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობას „წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად აფინანსებს.
წელს 21 ქართველი მოსწავლე მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიადებში:
მათემატიკაში (IMO),
ფიზიკაში (IPHO);
ინფორმატიკაში (IOI);
ბიოლოგიასა (IBO) და
ქიმიაში (ICHO).
საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეთაგან ორმა მოსწავლემ ოქროს, ორმა - ვერცხლის და ათმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, ხოლო ოთხმა მოსწავლემ საპატიო სიგელი მოიპოვა.
ოქროს მედლის მფლობელი 3000 ლარით, ვერცხლის მედლის მფლობელი - 2000 ლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი - 1000 ლარით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებს ისეთ საერთაშორისო ოლიმპიადებში, რომლებშიც 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს ჯამურად 3 ოქროს, 6 ვერცხლის, 19 ბრინჯაოს მედალი და ექვსი საპატიო სიგელი აქვთ მოპოვებული.