9 ნოემბერს, 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენს. სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.
„ალი და ნინო“ ორი ახალგაზრდა, აზერბაიჯანელი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება.
სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა; ინსცენირების ავტორები - მანანა გეგეჭკორი და გოჩა კაპანაძე. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი, ქორეოგრაფი ნინო მახათელი, კომპოზიტორი სანდრო თედიაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ალი - ცოტნე ხუბუტია, ნინო - ნუცა მესტუმრიშვილი, ბედისწერა - ანი საბო, საფარ ბეგი (ალის მამა) - გიორგი რევაზიშვილი, ანა ხანუმი (ალის დედა) - თინათინ კობალაძე, არჩილ ყიფიანი - რამაზ ხომასურიძე, ქეთევანი - ანა ხურციძე, მელიქ ნახარარიანი; საჭურისი - ცოტნე მეტონიძე, გაიანე - ნინო ვადაჭკორია, სეიედ მუსტაფა - რევაზ გიორგობიანი, მეჰმედი - ლევან საბაშვილი, ილიასი - გიორგი ელიჯარაშვილი, მელიქი - გოგიტა კოხრეიძე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და სახელოვნებო განათლების დონის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; პანკისის ხეობა).