სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეებია, რომელთაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2582 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2971 მოსწავლეა. გასულ წელს კახეთში 282 მოსწავლე დაჯილდოვდა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.