რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე და ნათია ზედგინიძე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და არსებული რეალობის გაუმჯობესების საკუთარი ხედვები იყო წარმოდგენილი.
„სამინისტრო აგრძელებს საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლებთან აქტიურ კომუნიკაციას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონისა და მუნიციპალიტეტის დონეზე პრობლემების განხილვა, რათა მოხდეს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.
შეხვედრები რესურსცენტრების წარმომადგენლებთანაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც უფრო აქტიურს ხდის თანამშრომლობას და ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას სამინისტროს, რესურსცენტერებსა და სკოლებს შორის.