საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, პარლამენტის წევრ გენადი მარგველაშვილთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი გუნდის წევრებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში (N5, N10, N13, N17, N30, N 32, N33 და N 36 ) მიმდინარეობს.
2018-19 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება. შედეგად, სასწავლო გარემო 15,200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლას მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. პროექტის შედეგად, 35 ათასზე მეტ მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და გაიზრდება ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია 54 აშშ მილიონი დოლარით, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტია.
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.