ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე 10 საუკეთესო მოსწავლე საჯარო და კერძო სკოლებიდან და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) იმყოფებოდნენ.
ცერნში რამდენიმედღიანი სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.
„ცერნის“ დათვალიერება საინფორმაციო ლექციით დაიწყო. ლექციაზე მოსწავლეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს თუ რა არის „ცერნის“ ძირითადი დანიშნულება, ეს არის ფუნდამენტალური კვლევები მაღალი ენერგიების ფიზიკაში, ინოვაციები, განათლება და გამოცდილების გაზიარება. ამავე დღეს მოსწავლეებმა ცნობილი „გლობუსის“ გამოფენა დაათვალიერეს და ქართველი მეცნიერის ალექსანდრე მესტვირიშვილის CMS ექსპერიმენტს გაეცნენ, რომელიც 90 მეტრის სიღრმეზე სპეციალურად საქართველოს დელეგაციისთვის გამართა მეცნიერმა. CMS ექსპერიმენტი ერთ-ერთია დიდ ჰადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამი უდიდესი ექსპერიმენტიდან.
ტექნოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული ქართველი მოსწავლეების ცერნში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიცაა ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერიით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით.