საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა სამინისტროსთან არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ხოლო სამინისტროს მხრიდან აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. განსაკუთრებით წარმატებით შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოების მეორე ეტაპი წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. აღინიშნა ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.