საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით დუალურ განათლებაში შეზდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართვის მოდელი შეიმუშავა, რომლის საბოლოო შედეგების პრეზენტაციაც სამინისტროში გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ შეაჯამა.
დუალური პროფესიული განათლების ფარგლებში, სასწავლო პროცესის 50% და მეტი მიმდინარეობს დასაქმების ადგილას, რაც სსსმ და შშმ პირებს ხელს უწყობს სამუშაო უნარების დახვეწასა და დასაქმების შესაძლებლობაში. პროექტის პილოტირება განხორციელდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში „აისი“ და „ოპიზარი“.
ინკლუზიური პროფესიული განათლების სისტემაში, დუალური პროფესიული განათლების მიდგომების დანერგვის ინიციატორია ა(ა)იპ „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ და ა(ა)იპ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარს უჭერს აღნიშნული ინიციატივის მასშტაბების ზრდას და უზრუნველყოფს დუალური ინკლუზიური განათლების სისტემურ დანერგვას.