საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში იმყოფებოდნენ არანაკლებ ერთი სემესტრისა (75 დღე), უფლება აქვთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება. გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
რეგისტრაცია 21 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 4 თებერვლის 18:00 საათზე დასრულდება. მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.
გამოცდა 11 თებერვალს ჩატარდება. რეგისტრაციის საფასურია 100 ლარი. თანხა სრულად ბრუნდება, თუ პირი გამოცდაზე რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ან ამავე ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
საგამოცდო ტესტი შედგება 3 ნაწილისაგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ლოგიკური მსჯელობა;
გ) რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში შედის 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო 2 საათი და 30 წუთია. გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე. საბოლოო შედეგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგზავნება.
პირები, რომლებიც გამოცდის დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო პირობებს, ვალდებულნი არიან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა № 100) რაიმე/შესაბამისი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე არაუგვიანეს 2019 წლის 4 თებერვლის 18:00 საათისა.
პირებმა, რომელთაც გამოცდის დროს სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნის საჭიროება წარმოეშვათ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ და სურთ სპეციფიკური საგამოცდო პირობების შექმნა, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების სპეციალური საჭიროების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უნდა წარმოუდგინონ ეროვნულ ცენტრს შესაბამისი მოთხოვნა და სამედიცინო ცნობა (ფორმა№ 100) შესაბამისი ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებსა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხილეთ ბმულზე.