განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიების ფარგლებში, ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც კონკურსის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ლიტერატურული კონკურსის რჩეულებმა - ანდრია კიკონიშვილმა და ელენე არაბულმა კი, საკუთარი მოთხრობები წაიკითხეს.
პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებსა და პროზაიკოსებს აერთიანებს, დაბა ბაკურიანში გაიმართა. კონსულტანტების მიერ შერჩეული მონაწილეების ნაწილი ლიტერატურულ, ნაწილი კი სამხატვრო მარათონში 4 დღის განმავლობაში იყვნენ ჩართულნი. მხატვრული კონკურსის 12-მა მონაწილემ წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე ნახატები, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 -მა მონაწილემ ლიტერატურული ნაწარმოებები შექმნეს. მოზარდების ხელით შექმნილი წიგნი და კალენდარი საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა.
საღამო ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ შეაჯამა, კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა.