ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ „სფორტფოტოს“ ავტორები სტუდენტებსა და ლექტორებს შეხვდნენ. მოეწყო 2018 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია. შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის სფეროში ფოტოგრაფიის როლსა და მნიშვნელობაზე. პროფესიონალმა სპორტულმა ფოტოგრაფებმა - ეკა ელოშვილმა, თამუნა ყულუმბეგაშვილმა და ლაშა კუპრაშვილმა სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
სპორტული მოვლენების ამსახველ მეხუთე გამოფენას - „სპორტფოტო 2018“-ს წელს „ფაბრიკის“ საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა. საიუბილეო გამოფენის ფარგლებში გაიმართა კატალოგის პრეზენტაცია, რომელშიც 12 პროფესიონალი სპორტული ფოტოგრაფის 150-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. წლის ბოლომდე, „სპორტფოტოს“ ავტორებს არაერთი საინტერესო ღონისძიება აქვთ დაგეგმილი.