მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პროფესიული განათლების გამოფენა - „გაიცანი პროფესია“ გაიხსნა. გამოფენა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი იყო პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების, ხელმისაწვდომობისა და დასაქმების ხელშეწყობა. გამოფენა გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.
ირინა წეროძის განცხადებით, ეს ღონისძიება არის დადასტურება იმისა, რომ აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების პროცესში და სწორედ მათი მონაწილეობითაა შესაძლებელი ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. თავის სიტყვაში ირინა წეროძემ პროფესიულ პროგრამებზე მიმდინარე რეგისტრაციის პროცესზე და იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რასაც კოლეჯები ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს.
ღონისძიებას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო და აქვე გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის თაობაზე კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანიებს „ვოლვო“, „საგა“ და „ინსტას“ შორის.