საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიისა (Academia Europea) რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს წარმოადგენს და მოემსახურება მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.
ირინა აბულაძის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავარ ამოცანას, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა წარმოადგენს. მისივე თქმით, მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება და სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.
„განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის პროცესში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ საგანმანათლებლო ჰაბს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“ -აღნიშნა ირინა აბულაძემ.