განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის N16 და N131 საჯარო სკოლებში სპორტის ღია გაკვეთილები ჩატარდა.
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აღზრდის მნიშვნელობაზე მოსწავლეებთან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის თემაზე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და სკოლებს გადაეცათ სპორტული ინვენტარი.
ღონისძიება ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სპორტის როლის ზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა სკოლას მოიცავს.