16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სტენდზე ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამა არის დაგეგმილი, რაც მოიცავს თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას.
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 3 სივრცეში იქნება წარმოდგენილი: საქართველოს ეროვნული სტენდი, გამოცემული და გამოუცემელი ქართული საბავშვო წიგნების სტენდი - Frankfurt Kids Foyer და ცალკე გამოყოფილი სივრცე „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. აღნიშნულ სივრცეებში დაგეგმილ 20-მდე ღონისძიებაში 10-მდე ქართველი ავტორი, მეცნიერი და ილუსტრატორი მიიღებს მონაწილეობას: ბექა ადამაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, დავით ლორთქიფანიძე, თათია ნადარეიშილი, ეკა ტაბლიაშვილი, ივა ფეზუაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, არჩილ ქიქოძე.
ქართველ ილუსტრატორებს ფრანკფურტის ბაზრობის მესამე დარბაზში სპეციალური სტენდი დაეთმობა ილუსტრირებული წიგნების გამოსაფენად და ვორკშოპების ჩასატარებლად. გერმანელი კრიტიკოსები წარადგენენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებს (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“). გაიმართება დისკუსიები ქართველი და ნორვეგიელი მწერლების მონაწილეობით სერიაში „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები - საქართველო (2018) და ნორვეგია (2019), ქართველი პოეტები წარადგენენ ქართული პოეზიის ანთოლოგიას „საქართველოს გული - 33 პოეტი საქართველოდან“. გაიმართება რეზო გაბრიაძისა და მერაბ მამარდაშვილის ახალი, გერმანულენოვანი წიგნების პრეზენტაცია, ხოლო სპეციალურ სტენდზე „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ დაგეგმილია ღონისძიებები სლოგანით „აღმოაჩინე საქართველო“.
ფესტივალის პროგრამა - http://writershouse.ge/geo/new/1373