17 ოქტომბერს ჰააგაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, განხილულ იქნა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის მასწავლებელთა წახალისებისა და პროფესიული განვითარების, "ახალი სკოლის მოდელის" დანერგვის და ტექნოლოგიების ინტეგრირების საკითხები. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც განხორციელდება საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაანონსებული ევროპული სკოლის დაფუძნებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით. ევროპული სკოლა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ინიცირებული პროექტია და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს ევროკავშირისა და შესაბამისი მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით მიეცემათ.
საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს საქართველოს განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, ეროვნული სასწავლო გეგმის, სახელმძღვანელოების ევროპულ სტანდარტთან დაახლოებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავების მიმართულებით.