საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ჰააგაში ევროპული სკოლის დირექტორს ფრანს ვან დე კერხოფს და სკოლის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ჰააგის ევროპულ სკოლაში ევროპული ბაკალავრიატის პროგრამას სკოლამდელ, დაწყებით და საბაზო საფეხურზე 1000 -ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობას მრავალეთნიკურ და მულტიკულტურულ გარემოში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კონტექსტის შესაბამისად ევროპული სასკოლო განათლების დანერგვის შესაძლებლობები და აქცენტი გაკეთდა მშობლიური ენის, ეროვნული იდენტობის გაძლიერების გზით ევროპული გამოცდილებისა და ღირებულებების დანერგვის უპირატესობაზე, რაც სწორედ ევროკავშირის მიერ აკრედიტებული ევროპული სკოლების კონცეფციას წარმოადგენს.
ანალოგიური მოდელის სკოლის დაფუძნება მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკომისიის მაღალი რანგის ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა და პროექტს ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.
ევროპულ სკოლაში სწავლის შესაძლებლობა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მიეცემათ. სკოლის სასწავლო გეგმა გაჯერებული იქნება ევროპული კურიკულუმის საკვანძო ელემენტებით და ავტორიზებული იქნება საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ. სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის ატესტატს მიიღებენ.
ამისათვის, 2020 წლიდან დაიწყება სკოლის ინფრასტრუქტურული საპროექტო სამუშაოები , მომზადდება მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები - უცხო ენებში, ტექნოლოგიებსა და პედაგოგიკაში.
სკოლა 2023 სასწავლო წლისთვის ავტორიზებულ რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას და მოსწავლეებს ეტაპობრივად მე-7-მე- 12 კლასებში მიიღებს. სკოლას ასევე ექნება საერთო საცხოვრებელი მოსწავლეებისთვის როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან.