2019 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის „კულინარიის ხელოვნება“ საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფო კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 21 პროფესიული სტუდენტისათვის. აღნიშნული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 2017 წლის შემოდგომიდან ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სამ სახელმწიფო კოლეჯში: „ბლექსი“, „ახალი ტალღა“ და „მერმისი“. დუალური პროგრამების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე აქტიურად და პირდაპირ არის ჩართული კერძო სექტორი.
საკვალიფიკაციო გამოცდის თეორიული ნაწილი ჩატარდა კოლეჯებში, ხოლო პრაქტიკული კი – სასტუმრო „პარაგრაფში“, სადაც სტუდენტებმა ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მიღწეული უნარ-ჩვევების შესაბამისად მოამზადეს კერძები. საგამოცდო კომისია შედგებოდა სასწავლო კომპანიების ინსტრუქტორებისა და კოლეჯების პედაგოგებისგან.
საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად გამოცდას აკვირდებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები.
კულინარიის ხელოვნების პროგრამა მომზადდა პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) დახმარებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. პროგრამის თანადაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის მიერ.