ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გიორგი დონაძემ გადასცა. ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა და ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელმა უნივერისტეტის ბიბლიოთეკას "შენ ხარ ვენახის" ნოტირებული მასალა და აუდიო ვერსიებიც გადასცა. უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის 2018 წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, მასში მე-19 და მე-20 საუკუნეებში გამოცემული, აგარეთვე, ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.
საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" აშშ-ში საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში იმყოფება. პრინსტონის უნივერსიტეტში შესრულდა საგალობლები ანთლოგიიდან და "შენ ხარ ვენახის" სხვადასხვა ვარიანტი. "ბასიანის" წევრებმა მასტერკლასიც გამართეს და სტუდენტებს რამდენიმე ქართული საგალობელი და ხალხური სიმღერა შეასწავლეს. ტურნეს ფარგლებში ლინკოლნ-ცენტრში "ბასიანის" კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. სოლო კონცერტები გაიმართა ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონშიც.