საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი კოლეჯში „აისი“, დუალური პროგრამის სტუდენტებსა და პროგრამაში ჩართული კერძო საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამების მიმდინარეობა და არსებული გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე დუალური პროგრამების სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელსაც ისინი იღებენ სწავლების პროცესში - როგორც კოლეჯში, ასევე პარტნიორ ორგანიზაციაში. სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე პროგრამის განვითარების შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი სწავლების პროცესში აწყდებიან.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ რეგიონის შრომის ბაზრისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა ადგილობრივ დამსაქმებლებთან, რომლებიც ეხებოდა სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამების რაოდენობის ზრდას, ადგილობრივი კერძო სექტორის საჭიროებებსა და პროფესიული სტუდენტების კომპეტენციების განვითარების საჭიროებებს სხვადასხვა მიმართულებით.
საგულისხმოა, რომ სსიპ კოლეჯი „აისი“ სამუშაოზე დაფუძნებულ პროგრამებს 2017 წლიდან ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. მიმდინარე პერიოდში კოლეჯი 4 დუალურ პროგრამას ახორციელებს, რომელშიც 28 ადგილობრივი საწარმოა ჩართული.