საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ქართული პოლიფონიისა და საგალობლების შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობაში.
„არსად ისე არ ჩანს ჩვენი ხასიათი, როგორც ქართულ მრავალხმიანობაში. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი სწორედ ჩვენი საგალობლები და მრავალხმიანობაა. მსურს, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას და ფონდ „ქართული გალობის“ დამაარსებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილსა და მის ოჯახს ქართული გალობის აღორძინებასა და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ქართული კულტურა სწორედ გალობითა და ჩვენი უნიკალური პოლიფონიით გაიცნო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მრავალხმიანობა და საგალობლები მომავალ თაობებს გადავცეთ,” - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ფონდი „ქართული გალობა“ არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას 2016 წლიდან ყოველწლიურად გასცემს გალობის სფეროში საუკეთესო სამეცნიერო კვლევებისა და ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საუკეთესო საეკლესიო გუნდების გამოსავლენად.
წელს პრემია გადაეცა თბილისის ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდს „იალონი“, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, ოზურგეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა ტრიოს „რეხეული“ და ქუთაისის ავტოქარხნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდს.
ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას.