2 დეკემბერს, ვარკეთილში (მე-4 მ/რ, 425-ე კორპუსის მიმდებარედ) საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ერთი სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 230 ლუქსიანი განათებით და მინი საფეხბურთო მოედანი განათებით. ასევე, 180 ადგილიანი ტრიბუნა, რომელიც აღჭურვილია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პლატფორმით, ადმინისტრაციული შენობა გასახდელებით, მსაჯების, სამედიცინო, მწვრთნელების ოთახებით და სხვა საჭირო სივრცეებით.
საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა FORWARD-ის მიერ დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 2 223 174 ლარია.
სპორტული კომპლექსით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლებს, სამოყვარულო გუნდებს, ბავშვთა რეგიონალურ ნაკრებებს.
საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ ყაველაშვილი და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები.