საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეგა-პროექტის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობა შესთავაზა.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ხორციელდება მეგა-პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის სულისჩამდგმელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მან ამ პროექტისთვის ერთი მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ცენტრის სტიპენდიატთა ჩართულობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნება. ამ მიმართულებით მე, როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამათავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრს, აქტიური კომუნიკაცია მექნება თითოეულ თქვენგანთან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.